ერეკლე II-ს (1720-1798) ხმლის საავტორო ასლი 

ნამუშევრის ფოტოები © გოჩა ლაღიძე - საავტორო უფლებები დაცულია

მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთიბღუჯა რკინის ნაჭერს, გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს, კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა – “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!” კობა ჭუმბურიძე, აპრილი 2009

2008 წელს ვმონაწილეობდი ფესტივალ "ჩვენებურებში", რომელიც მიეძღვნა უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრების 30 წლის იუბილეს. მონაწილეობა მივიღე თბილისის ისტორიის მუზეუმში – «გალერია ქარვასლაში» - მოწყობილ საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვართა ჯგუფურ გამოფენაში. (გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში). თბილისში ყოფნის დროს სტუმრად ვიმყოფებოდი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც მიმასპინძლა იარაღისა და ძვირფასი ლითონების ფონდის კურატორმა მამუკა ქაფიანიძემ. მამუკასთან საუბრისას ინიციატივა გამოვხატე ერეკლე II-ს ხმლის შესწავლაზე რათა შემესრულებინა მისი საავტორო ასლი. ამ ხმალს ბავშვობიდან "ვიცნობ" და მაშინდელი ოცნებაც გამახსენდა, როცა სულ მინდოდა მისი მსგავსი რამ გამეკეთებინა. 
მამუკას თანხმობის შემდეგ ეროვნული მუზეუმის დირექტორის, ბატონ დავით ლორთქიფანის სახელზე დავწერე მოხსენება ორიგინალის შესწავლის ნებართვაზე. ბატონ დავითს და მამუკას მინდა მადლობა გადავუხადო კეთილი ნებისათვის. 
შემდეგ სრულფასოვნად შევისწავლე ორიგინალი, მოხდა აზომვა, ფოტო ფიქსაცია, დაფიქსირდა წონა. შემდეგ, ჰოლანდიაში, მუშაობის დროს, დამატებით დამჭირდა რამდენიმე ფოტო, რომელიც ეროვნული მუზეუმის ფოტოგრაფმა, ბატონმა გურამ ბუმბიაშვილმა მომაწოდა. 2009 წლის დეკემბერში ასლზე მუშაობა დასრულდა. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის და დახმარებისთვის. 


გოჩა ლაღიძე და მამუკა ქაფიანიძე ეროვნულ მუზეუმში, ორიგინალის შესწავლის დროს, თბილისი 2008 წელი

ერეკლე II-ს ხმალი თავისი ხარისხით "სამეფო ხმლის" კატეგორიას მიეკუთვნება და არის ფეოდალური ხანის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში – კლასიკური «შამშირი», ქართულად "შიმშერი" (შოთა რუსთაველს აქვს მოხსენიებული «ხმალი შიმშერი»). «შამშირი» ირანულად ხმალს ნიშნავს, სიტყვა-სიტყვით კი - «ლომის კუდს». ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. შესულია კავკასიის მუზეუმიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში 1929 წელს. გადმოცემის მიხედვით ეს ხმალი ერეკლე II-ს აჩუქა ირანის შაჰ ნადირმა. სავარაუდოდ ეს ის ხმალია, რომელიც ნადირ შაჰმა საჩუქრად გაუგზავნა ერეკლე II-ს მალაჩის დამარცხების შემდეგ არაგვზე ერეკლეს მიერ - “ცხენი ოქროსა აღკაზმულობითა და ხრმალი მძიმედ მოჭედილი”. ლ. სანიკიძე, უქარქაშო ხმლები, ტომი IV, გვ. 298. საავტორო ასლზე მუშაობა 2 წლის მანძილზე ეტაპობრივად მიმდინარეობდა და დასრულდა 2009 წლის 24 დეკემბერს. ამ ძალზედ კომპლექსურ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად კიდევ ორ სპეციალისტთან თანამშრომლობა დამჭირდა და შესაბამისად მათი დამღები დატანილია ნამუშევარზე. დიდი დრო და ყურადღება დაეთმო მასალების მოძიებას. საავტორო ასლი ღირსეულად ედრება ორიგინალს ხარისხით: ფოლადით, ზომებით, სიმძიმის ცენტრით, წონით და გამოყებებული მასალებით. პროექტი საკმაოდ ძვირადღირებული აღმოჩნდა და დაფინანსდა მხოლოდ ჩემი ხარჯებით.


თუ გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ერთხელაც, რომელსამე ფიცხელ ბრძოლაში რომ ემტყუნებინა პატარა კახისთვინ იმ თავის ხმალსა… 

ახლა მითხარით, რაა მისი ფასი საქართველოსთვის.
ჰოდა, ლექსად მოფერების ღირსი არ არის განა?
აი, ასე:
მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთიბღუჯა რკინის ნაჭერს, გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს, კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა – “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!”

კობა ჭუმბურიძე, აპრილი 2009 წელი

ხმლის აღწერილობა 

ბულატის ფოლადი, ტარი დამზადებულია ლომვეშაპის ეშვისგან, ქარქაში ხისაა ტყავგადაკრული 3 ლითონის დეტალით. ქარქაშის მთელი ზედაპირი ორივე მხრიდან შემკულია ტყავზე ამოყვანილი რელიეფური ორნამენტებით. ხმლის ვადა, ტარის ბურთულა და ქარქაშის ორი დეტალი ღრმად გრავირებულია და მოზარნიშებულია ოქროთი. 
ხმლის ვადაზე და ქარქაშის საკიდებზე გრავირებით და ოქროს ზარნიშის კომბინაციით გამოსახულია ახალგაზრდა მამაკაცის სახეები. ტარის ბურთულის გუმბათზე გამოსახულია ჩიტი და გვერდებზე მამაკაცის სახეები. დეტალებში უხვადაა მცენარეული ორნამენტები და ისლამიტური კლასიკური მეჩეთის არქიტექტურული ფორმები. ტარის ლითონის ნაწილის ზურზე და მუცელზე გადაკრულია ოქროს თხელი ფირფიტა. ქარქაშის საკიდების ზურგის მხარეს გამოსახულია მამაკაცის სახეები, რომლებსაც ოთხქიმიანი ქუდი “ქულაჰ-ი ნადერი” ახურავთ. ამ ქუდით, როგორც ცნობილია მხოლოდ ნადირ შაჰი (1736-1747) გამოისახებოდა. ხმალს ამშვენებს სხვადასხვა ადგილებზე გამოყვანილი 4 წარწერა. ჩატარდა კვლევა წარწერების იდენტიფიცირებაზე. წარწერების გაშიფრვა არ იყო იოლი, ყველა ტექსტის შინაარსობრივი წაკითხვა მოხერხდა გარდა ერთი წინადადებისა ხმლის პირზე - ვერ ხერხდებოდა მისი სრული ინტერპრეტაცია. 2009 წელს, ორიგინალი ხმლის სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ეროვნულ მუზეუმში, მქონდა შეხვედრა პროფესორ გრიგოლ ბერაძესთან და მოხდა ინფორმაციის შეჯერება, რისთვისაც დიდად გახარებული და მადლობელი ვარ. ქვემოთ ვიყევენებ ჩემი კვლევის შედეგებს და აგრეთვე ინფორმაციას ბ-ნი გრიგოლის კვლევიდან. 

შესაბამისი ფოლადის დამზადება დღევანდელ მსოფლიოში რეალურად შეუძლია მხოლოდ რამოდენიმე ოსტატს. ოსტატის მოძიება, რომელიც ასეთივე ან დაახლოებით ასეთივე ფოლადს გამოჭედავდა მიმდინარეობდა 2 წელი. ცნობილ ბულატის ოსტატებს მივმართეთ საქართველოში, ამერიკაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და რუსეთში, მაგრამ მათი მოწოდებული ნიმუშები არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი.

ამ დროს, სრულიად შემთხვევით, ჩემმა მეგობარმა მხატვარმა ნუგზარ კახიანმა, რომელიც ჩემთან სტუმრად იმყოფებოდა ჰოლანდიაში, გაუწია რეკომენდაცია პეტერბურგის ნატიფი ხელოვნების აკადემიის პროფესორს იური სარქისიანს. გამოგზავნილი ნიმუშები გასაოცრად კარგი აღმოჩნდა და დაკვეთაც მიიღო, რაც საუკეთესოდ შეასრულა (ნახაზის მიხედვით ნაჭედი "სვაროჩნი ბულატის პაკეტი"). შემდეგ პირი ჩვენთან “გამოვიყვანეთ” და საბოლოო სახე მივეცით.
იური სარქისიანი: დაიბადა ბაქოში, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ამჟამად ცხოვრობს რუსეთში - პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (მჭედელი). 

გრავირება და ოქროს ზარნიში: დაკვეთით შესრულებულია ბელგიის განთქმული გრავიორის გეოფროი დელაჰოუტის მიერ . www.hillknives.com




წარწერები ხმალზე

წარწერები ორიგინალზე კარგად არის შემონახული, გარდა ორი კარტრუშისა ხმლის პირზე, როლებიც დაზიანებულია - ამოცვენილია ოქროს ზარნიშის ნაწილები. საბედნიეროდ არის წარწერის კვალი, რის საფუზველზეც მოხდა წარწერების აღდგენა ამსტერდამის უნივერსტეტის პროფესორის, ფერეიდნელი ქართველის ბაბაქ რეზვანის დახმარებით.

I. სპარსული გალექსილი წარწერა ოქროს ასოებით ხმლის პირზე, ჩასმული მოგრძო ფიგურალ კარტუშში. თუმცა წარწერა ერთხაზიანია, იგი ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც წარმოადგენენ ორ ხაზს (მისრას) ერთი სპარსული ბეითისა. წარწერა ასე იკითხება:

 წარწერა ჯანაშიას მუზეუმშში დაცულ ორიგინალზე

“Bδndι-ye xwod-ra Shδh-e vala-seresht - Kδlb-Δli Khan mosaheb nevesht”.

“ It means the his Majesty the High esteemed King , Mr. Kalb-Ali (the dog of Ali), entitled his subject as an intimate/ advisor”.

"თავის მონას დიდბუნოვანმა შაჰმა - "ქალბ ალი-ალი ხან მუსაჰიბი უწოდა".

ა) ”ქალბ’ალი” საკუთარი სახელია და სიტყვასიტყვით ნიშნავს “ალის ძაღლს” (ანუ “ალის ერთგულ მცველს”). ბ) ბოლო სიტყვა “უწოდა” წარმოადგენს შინაარსობრივ თარგმანს: დედანშია “ნევეშთ” = “დაწერა, დაუწერა, ჩაუწერა” (ანუ შაჰის ბრძანებით წერილობით ძეგლებსა და საბუთებში მის ტიტულატურაში აუცილებლად უნდა ჩაეწერათ ტიტული “მუსაჰიბ”. გ)“მუსაჰიბ” (სპარსული ჟღერადობით “მოსაჰებ”) ნიშნავს სიტყვასიტყვით “კომპანიონს, დაახლოებულ პირს, ერთგულ მეგობარს”. სეფიანთა ეპოქის ირანში ტერმინი “მუსაჰიბ” როგორც ტიტული ენიჭებოდათ შაჰთან განსაკუთრებით დაახლოებულ დიდებულებსა და დიდმოხელეებს. დ) "მონა" - ეს სიტყვა არ უნდა გავიგოთ პირაპირი გაგებით; ამ შემმთხვევაში იგი ნიშნავს: მსახურს, მოხელეს, რწმუნებულს, დაქვემდებარებულ პირს. ე) სიტყვა "მონა" არ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით; იმდროინდელი ირანული ტერმინოლოგიით იგი ნიშნავს: მსახურს, სახელმწიფო მოხელეს, ვასალს, ა. შ..

II. ზემომოტანილი სპარსული წარწერის შემცველ მოგრძო ფიგურალ კარტრუშს მარჯვენა კუთხის ბოლოს ქვემოდან ებჯინება ოთხკუთხა (კვადრატული) კარტუში რომელშიც ჩასმულია ოთხი ასო - ციფრი შემდეგი სახით: "ბდუჰ" - "B,D,U,N" რაც იგივეა - 2,4,6,8. ეს გახლავთ ისლამურ სამყაროში საკმაოდ გავრცელებული მაგიური კვადრატი (უკეთ – ამ კვადრატის ერთ-ერთი სახეობა), რომელში ჩასმული ასოები ქმნიან თილისმური დანიშნულების სიტყვას - “ბდუჰ”. 

პირველი ფოტო - დაზიანებული ტექსტი ჯანაშიას მუზეუმში დაცულ ორიგინალზე, სადაც კარგად ჩანს მე 17 საუკუნის ირანული ზარნიშბის ტექნიკა. 
მეორე ფოტო - კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით აღდგენილი ტექსტი. მესამე ფოტო - აღდგენილი წარწერა ასლზე.

III. სპარსული გალექსილი წარწერის შემცველი მოგრძო ფიგურული კარტრუშიდან მარჯვნივ მოთავსებულია ასევე ფიგურული მომცრო კარტრუში ჩასმული შემდეგი წარწერა:

 

პირველი ფოტო - დაზიანებული ტექსტი ჯანაშიას მუზეუმში დაცულ ორიგინალზე, სადაც კარგად ჩანს მე 17 საუკუნის ირანული ზარნიშბის ტექნიკა. 
მეორე ფოტო - კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით აღდგენილი ტექსტი. მესამე ფოტო - აღდგენილი წარწერა ასლზე.

“Amal-e Kalbeali ben Assadollah Isfahani” .

“The work of Kalbeali (khab Ali, Quli Ali) the son of Aassadolah (Assad Ulah) Isfahani”.

"გააკეთა ქალბ-ალიმ, ასადულა ისპაჰანელის შვილმა".'

ამ წარწერიდან ჩანს, რომ ოსტატი არის ვინმე “ქალბ’ალი", ძე სახელმოხვეჭილი ოსტატის ასადულა (ასად ალლაჰ) ისპაჰანელისა. ხმლის პირზე ზარნიშის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მომცრო კართრუში (ოსტატის სახელით) და მაგიური კვადრატი უფრო ადრე არის შესრულებული ვიდრე ზემოდ აღნიშნული გალექსილი წარწერა - შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ოქროს სინჯის სხვაობა და შესრულების განსხვავებული ტექნოლოგია. ჩემი აზრით, ეს უნიკალური უიშვიათესი ხმლის პირია რომელიც მართლაც ასადულას შვილმა კალბ-ალიმ შეასრულა სეფიანთა პერიოდში მე-16 საუკუნის ბოლოს მე-17 საუკუნის დასაწყისი.

IV. ხმლის ვადას ქვემოდან ორსავე მხარეს დაუყვება წარწერა, რომელიც საერთო ჯამში ქმნის შემდეგ ტექსტს:

aslis foto

“A-maile kamtarin qolaman Abolgassem (Abo Qasm) zarneshangar.”

“The work of the humblest Abolgassem the gold inlayer”

"გააკეთა ღულუმთაგან უმცირესმა აბუ ალ-ყასიმ მეზარნიშემ". 

1)“ღულამი” – (“მონა, მსახური, მოხელე”) – იმ ეპოქაში სოციალური დატვირთვის მქონე ტერმინი იყო და იხმარებოდა შაჰის და საერთოდ სეფიანთა სახელმწიფოს სამსახურში მდგომი იმ კატეგორიის პირების მიმართ, რომლის უმრავლესობას ე.წ. “კავკასიური ელემენტი” (უმთავრესად ქართველები, ასევე ჩერქეზები და სომხები) შეადგენდა. 2) ოსტატის აღმნიშვნელი ტერმინი ტექსტში არის “ზარნეშანიგარ”, რაც ოქროთი ან ვერცხლით ზარნიშის მკეთებელს ნიშნავს. თვით საწყისი სიტყვა “ზარნეშანი” (ინკრუსტაცია, მოზარნიშება ოქრო-ვერცხლით) სპარსულიდან ქართულშიც იყო შემოსული და ასახულია წერილობით ძეგლებსა და ლექსიკონებში."
 

* ზემოთგამოყენებულ აღწერილობაში გამოყენებულია ციტატები მკვლევარ პროფ. გია ბერაძის ნაშრომიდან: "ერეკლეს II ხმალი " - სექტემბერი 2008.

ასლში გამოყენებული მასალები და ტექნოლოგიები

ფოლადის ტიპი – ნაჭედი/ წნული ბულატი, ხმლის პირი შედგება ორი სახის ფოლადისაგან ХВГ და СТ45Г თანაბარი პროპორციით. საშუალო სიმაგრე როკველის სკალით - 55-57 ერთეული. შემადგენლობა: 50% ХВГ(1,1% ნახშირბადი, 1% ვანადიუმი, და 1% ქრომი) - 50% СТ45г (0,45% ნახშირბადი, 0,50% მარგანეცი).პირველადი პაკეტი შეკრულია ჭადრაკისებურად 4X4 (სულ 16 ფენა) და შემდეგ გაჭედილია მოზაიკური ბულატის ტექნოლოგიით, რამაც საბოლოოდ შეადგინა სულ 70.000 ფენა / კრისტალი. ხმლის პირს მთელ სიგრძეზე აღენიშნება ცნობილი ვერტიკალურად განაწილებული ორნამენტები, რომლებიც მეორდება - ე.წ. "მუჰამედის 40 ნაბიჯი". თერმულად დამუშავდა ანოსოვის ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ ხმლის პირი მსუბუქი დარტყმის შემდეგ ზარივით რეკს, რაც ფოლადის სისუფთავეზე მეტყველებს.

ტარი - ვადაჯვარი, ტარის ბურთულა, (აგრეთვე ქარქაშის საკიდები) დამზადებულია მაღალნახშირბადული ფოლადისგან "ც-45". დეტალები გამოყვანილია ფოლადის მთლიანი ნაჭრებისგან დადუღების გარეშე, რის შემდეგაც მოხდა მათი მორგება, სპეციალური საჭრისებით ღრმად გრავირება, თერმული დამუშავება და ოქროთი მოზარნიშება. საბოლოოდ მოხდა დეტალების პოლირება და ყავისფრად მოელვარება. გამოყენებულია ლომვეშაპის ეშვი, რომელიც დაკვეთით დანიიდან გამოგვიგზავნეს.
ტარის ლითონის ნაწილის ზედა და ქვედა მხარე დაფარულია 0,3 მმ სისქის ოქროს ფირფიტით (14 გრამი). ხმლის მოსართავად სულ დაიხარჯა 25 გრამი ბაჯაღლო.

ქარქაში – ხის მასალად შეირჩა მაგნოლია. ამ მასალას, როგორც წესი, იყებენენ იაპონიაში "კატანას" ქარქაშებისთვის. მაგნოლია აგრეთვე ხშირად გამოიყენება სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ტარად/კონდახად. ქარქაშს ამშვენებს ფოლადის 3 დეტალი (ზემოთ აღნიშნულია საკიდებისთვის გამოყენებული მასალა და დამზადების ტექნოლოგია).
ხის ქარქაშზე სამ ნაწილად გადაკრულია ე.წ. "შაგრინის" ტყავი – ესაა ამ შემთხვევაში თხის სპეციალურად გამოყვანილი, 0,3 მმ-ის სისქემდე დათხელებული ტყავი, ზედაპირზე ერთმანეთისგან განსხვავებული რელიეფური ("ნახევარსფერული") პატარა მარცვლებით. ქარქაშის ხის ზედაპირზე, როგორც ორიგინალში, ორთავე მხარეს დაკრულია წინასწარ დამზადებული ორნამენტები. ზომაზე დაჭრის შემდეგ ტყავის ნაწილები შიგნიდან გაიკერა, ამოტრიალდა და ჩამოეცვა ხის ქარქაშს. ამის შემდეგ მოხდა ტყავზე რელიეფის "დაბეჭვდა". ქარქაში ბოლოვდება ფოლადის ბუნით ორნამენტების გარეშე, ერთადერთი მხატვრული ორნამენტი მასზე არის ისლამიტური (მეჩეთის სახურავის) ფორმა სადაც იგი ხის კორპუსს უკავშირდება.

გრავირება / ზარნიში: ასლის დეტალები შესრულებულია მექანიკური ღრმა ჭრის კლასიკური ტექნიკით სხვადასხვა სპეციალური ფოლადის საჭრისებით (სიღრმე 0,5 მმ,- როგორც ორიგინალში). შემდეგ დეტალები იწრთო და მოიჭედა ოქროთი - მოზარნიშდა. გამოყენებულია ზარნიშის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკა. წრთობამდე წინასწარ გამზადებულ გრავირებულ ნახატში, მოხდა ოქროს მავრთულის ჩაჭედვა - გამოყებეულია 0,4 მმ სისქის ბაჯაღლო ოქროს მავრთულები. დეტალები საბოლოოდ არის ყავისფრად მოელვარებული.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ყველა პიროვნებას, ვინც პროექტის მიმდინარეობის დროს დახმარება გამიწია.

გოჩა ლაღიძე. 

 

ნამუშევრის ფოტოები © გოჩა ლაღიძე - საავტორო უფლებები დაცულია

მთავარი გვერდი