ხევსურული დაშნა ფარით, 1995 წელი

 

ჩივილი ხმლისა
- დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში.
სადა გყავს შენი პატრონი დაგაწყებინოს კაშკაში?
- სადა მყავს, ძმაო, პატრონი: შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი, სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა, ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა, ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი, ქართველთ სამეფო გვარია.
ახლა უშნოდ ვარ... დამკიდეს ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა, ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამიგდებენ გირაოდ... და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს "არშინის", "ჩოთქის" გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა, არ გავპოხილვარ დუმითა.
არ ვულესივარ ქართველსა დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია: "გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ, როგორ დავბრუნდე შინაო!"

ვაჟა ფშავლა

ხევსურული ხმალი- დაშნა შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ვადანი, სახელური (ტარი) -ხეტარი, სახელურის ბოლო - ვაშლი, სახელურის ღილი - დვარი, ალესილი პირი - ფხა, ყუა - პირის საპირისპირო მხარე, საშარი - წვერი, ღარები და ზურგი ზოგიერთ სახეობას. ხმლის პირი (ფხა) ხშირად დადაღულია წარწერებით, რომლებსაც ხევსურულად "ლიშანი" ეწოდება. ხმლის ქარქაში ხისგანაა დამმზადებული და კემუხტით (ტყავითაა) შემოხვეული. ხევსურები მას თვითნაკეთი თითარითა და ვერცხლის ზედნადებით ალამაზებდნენ.
ხევსურული ფარი მრგვალია და ზომით მცირე. მას ოსტატები ამზადებენ ფურცლოვანი რკინისგან. ხევსურულ ფარებზე თითქმის ვერ ვხვდებით წარწერებს, დევიზებს, ოქროსა და ვერცხლით მოჭედულობებს. ხევსურულ ფარებზე ხდებოდა ჯვრებისა და სწორკუთხედების გამოჭედვა. ფარის საფუძველს - ფუძეს წარმოადგენდა ხარის ქედის ტყავი, ფურცლოვანი რკინა, ან სპილენძი; ფარის წინა მხარეზე განლაგებული იყო ოთხი ჯვრისებური ზედსადები ე.წ. რკინის ხიდები - აუცილებელი პირობაა ფოლადის ბრტყელი კიდურა რგოლი. ამ ზოლოვან ზედსადებებზე დევს მრგვალი - გუმბათი, რომელიც გამობერილია და ეწოდება გუმბათის ვაშლი. ხევსურთა თქმით გუმბათი დარტყმების ამორტიზირებას ახდენს და წარმოადგენს ფარის დამჭერი ხელის საუკეთესო დამცველს. ფარის წინა მხარის კიდეებზე მოქლონებით შემოვლებულია და მაგრდება ერთი, ორი ან სამი რკინის მრგვალი ფირფიტა - გირგოლები, რომლებსაც გააჩნიათ ქუდოვანი მოქლონები.
ხევსურულ ფარს შიგნიდან აქვს ქეჩისგან ან ნაბდისგან დამზადებული ბალიში - სადები. უკნიდან მაგრდებოდა ღვედის გრძელი საკიდი და სახელური - საბღუჯი. ხევსურებმა შემოინახეს ტყავისაგან ფარის დამზადების თავისებური ხერხი. ახალდაკლული ხარის ტყავს ჯოხებით სიფართით ასწორებდნენ. გასწორებული ტყავიდან ამოჭრიდნენ ფარისათვის ნაჭერს. მრგვალი ფორმის ნედლ ტყავს გაჯღინთავდნენ მურით - ხარშავდნენ მურთან ერთად რათა გაეშავებინათ - ამ ტყავს დღეღამის განმავლობაში ტოვებდნენ მურთან ერთად და შემდეგ აშრობდნენ.
ფარების დამზადება ითხოვდა ოსტატობას და გამოცდილებას. ფარს ამზადებდა არა ნებისმიერი ხევსური, არამედ მხოლოდ მჭედელი - მესაჭურვლე, რომელიც გაწაფული იყო ამ საქმეში. მზა ფარს რამდენიმე დღით ჰკიდებდნენ ბუხრის ზემოთ, რათა იგი შებოლილიყო. ამ გარემოებამ ასახვა ჰპოვა ლიტერატურულ ძეგლებშიც, რომელთა თანახმადაც შუა საუკუნეებში ქართველ მთიელებს, კერძოდ, ხევსურებსა და ფშავებს ყარაკალგანელებს, ანუ შავფარიანებს უწოდებენ.



ხევსურული ხმალი, 1987 წელი, თბილისი.
 

ქართული საჭურველი, 1989 წელი. ფოტო გადაღებულია სოფელ ხერკელაანთში.
 

 

წინა I საჭურველი I შემდეგი