გოჩა ლაღიძის სტუდია, სალტე სატევარი "ლაღი", 2013
.jpg)
მოგესალმებით,
რამდენჯერმე ვნახე ინტერნეტში პატივცემული მომხმარებლების კომენტარები, რომლებიც აფიქსირებენ და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სხვადასხვა ოსტატებს ვუკვეთავ ნამუშევრებს და ჩემს ნამუშევრებად ვასაღებ. კონკრეტულად აჟღერებენ, რომ ჩემი ერთერთი საავტორო პროექტი, ფარულად სატარებელი სატევარი “ლაღი”, დავუკვეთე მჭედელ ლევან ბუკიას, მე ამ ნამუშევარში არაფერი წვლილი არ მიმიძღვის, მაგრამ ნაკეთობას ჩემს ნამუშევრად ვასაღებ და გამოფენებზე გამაქვს როგორც ჩემი პროექტი!
მინდა დავაკომენტარო, რომ ჩემს სახელოსნოში საჭურველი და სხვადასხვა ნაკეთობები ძირითადად მზადდება ჩემი ორი ხელით, თუმცა რამდენიმე საავტორო პროექტში ჩემს სტუდიაში მოწვეული მყავდა და კვლავ ვიწვევ ქართველ და უცხოელ ოსტატებს, რომლებიც პროექტის გარკვეული ნაწილის შესრულებაში იღებენ მონაწილეობას და ამ ურთიერთობაში ჩვენს შორის არასოდეს არავითარი პრობლემა არ ყოფილა. ეს პრაქტიკაში ძალიან ხშირად არსებული და ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ურთიერთობა აბსოლუტურ ჰარმონიაში, ურთიერთთანხმობით და ხელშეკრულებით ხდება.
რაც შეეხება კონკრეტულად ფარულად სატარებელ სატევარს: ესეთი ტიპის სატევარი ჩემი სტუდიის მიერ რემდენიმე არის დამზადებული. სატევარი "ლაღი" ჩემი საავტორო პროექტია და პირველი 2013 წელს დაესკიზდა, დაიგეგმა და დამზადდა. პირველად დამზადებული სატევარის პირი ჩემი დაკვეთით და ესკიზის ზუსტი დაცვით ოსტატმა ლევან ბუკიამ შეასრულა!
არასოდეს ყოფილა ეს საიდუმლო და დაფარული, რომ ჩემი სტუდიის დაკვეთით და ჩემი ესკიზის ზუსტი დაცვით ლევანმა წარმატებით შეასრულა ეს პირი - დიდი პატივისცემა მას და ეს იცის მან! თუმცა ლევანი ამ პირის ავტორი არ არის - იგი არის შემსრულებელი - მან ეს პირი დაამზადა ზუსტად ისე, როგორიც მქონდა დაესკიზებული, ნაგულისხმევი / ჩაფიქრებული. თანამშრომლობა ჩვენს შორის მოლაპარაკების შესაბამისად საქმიანად და სასიამოვნოდ მიმდინარეობდა, რაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. პირის დამზადების შემდეგ მომიწია კოლოსალური შრომა: ქარქაშის გაჭედვა, თერმული დამუშავება. ამის შემდეგ ქარქაშის და პირის ერთმანეთში მორგების პროცესში მოხდა პირის აუცილებელი კორექტირება, რადგან ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია ამ სისტემის მოქმედ მდგომარეობაში მოყვანა. მორგების შემდეგ მოხდა პირის საბოლოო პოლირება და ლევანის დამღა “ლ” მასთან შეთანხმებით თავად დავიტანე სატევარის პირზე. ამის შემდეგ მოხდა ჩემს სტუდიაში ფოლადის დეტალების დამზადება, მათი ოქროთი მოზარნიშება და აწყობა.
პროექტის პრეზენტაცია 2013 წელს შედგა ჩემს ვებსაიტზე (www.gotscha.nl) და ამავე წელს ფეესბუკ ალბომში (https://www.facebook.com/media/set?set=a.656811421027481&type=3) , სადაც თავიდანვე მადლობით და ადეკვატურად არის აღნიშნული ლევანის მიერ გაწეული უდიდესი შრომა. ეს სატევარი პირველად 2024 წელს ჩამოვიტანე საქართველოში და გამოვფინე მხატვრული იარაღის გამოფენაზე სადაც ლევანიც იმყოფებიდა. ნამუშევარს გვერდზე ედო აღწერილობა, სადაც "დიდი ასოებით" იყო აღნიშნული, რომ პირი ლევანმა შეასრულა - კიდევ ერთხელ ღრმა პატივისცემით მის მიმართ! ამასთან, ზურა კვანჭახაძის საავტორო გადაცემაში "იარაღის განხილვა" და აბსოლუტურად ყველა სატელევიზიო სიუჟეტში და ნამუშევრის სერტიფიკატში გარკვევით და კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ პირი ლევანმა ჩემი ესკიზით და დაკვეთით დაამზადა.
პროეტი "ლაღი" (2013) გამოქვეყნებულია ლევანის ვებგვერდზე, სადაც თვითონ ლევანს აქვს აღნიშნული, რომ პროექტის ავტორი არის გოჩა ლაღიძე: http://danebi.ge/galleries/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/
პროექტებში ჩართულობის შესაბამისი აღნიშვნა ეხება ასევე ყველა მოწვეულ ოსტატს, ვისთანაც ჩემი სტუდიის საავტორო პროექტების ფარგლებში მითანამშრომლია: ოსტატთა დამღები, მიუხედავად იმისა რომ ამის ვალდებულება არ მქონდა, ესკიზში ჩემი დაჯინებული ინიციატივით გათვალისწინებულია და ყველა ნამუშევარზე დატანილია. ოსტატების ჩართულობა ჩემს საავტორო პროექტებში პირად ვებგვერდზე, ფეესბუკ ალბომებში და ნამუშევრის სერტიფიკატებში შესაბამისად არის მითითებული.
აქვე ლევანის პირადი პროფილი ჩემს მიერ შექმნილ საქართველოს მეიარაღეთა პორტალში: https://georgians-weapons.com/levan-bukia.htm
ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი სახის თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოში მეიარაღეობის საქმის განვითარებას.
პატივისცემით,
გოჩა ლაღიძე,
თბილისი, 2025 წლის ივნისი.

"სკრინშოტი" - მჭედელ-მეიარაღე ლევან ბუკიას ინტერნეტ საიტი www.danebi.ge
ფოტოები © გოჩა ლაღიძის სტუდია
სატევარი "ლაღი" - გოჩა ლაღიძის სტუდია", 2013 წელი.გასულ 2012 წელს ჩემს სახელოსნოში სარესტავრაციოდ მოხვდა აქამდე უცნობი ტიპის ძველი ქართული ხანჯალი - სამოსლის ქვეშ ტყავგადაკრულ ლითონის ქარქაშში წელზე სატარებელი იარაღი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მსგავსი ტიპის კავკასიური იარაღი დღემდე არ აიყო დაფიქსირებული არცერთ ცნობილ კოლექციაში. საკმაოდ მოზრდილი (მთლიანი სიგრძე 74 სმ). ტარზე ვერცხლის სადებების დამუშავების სტილი და ორნამენტი მიანიშნებდა, რომ ეს იარაღი საქართველოში იყო დამზადებული მე-19 საუკუნეში. ეს მოვლენა ეცნობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
ნივთის რესტავრირების დროს დამებადა იდეა მსგავსი საავტორო ნამუშევარი შემექმნა (არა ასლი): ზომა და ფორმები გარკვეულწილად შევცვალე და შევქმენი ახალი ორიგინალური ესკიზი. შეიცვალა ტარის დიზაინი და მასალა. ესკიზი გაკეთდა ჩემს მიერ ტრადიციული კავკასიური იარაღის სტილის და კანონიკის პატივისცემით და დაცვით.
რამდენიმე ექსპერიმენტის, კონსულტაციების და მთლიანი პროექტის ლოგისტიკური ანალიზის შემდეგ გადავწყვიტეთ ხანჯლის პირი საქართველოში დაგვეკვეთა. პირი ესკიზის სრული დაცვით დაკვეთით ბრწყინვალედ შეასრულდა თბილისში მოღვაწე მხატვარ-მეიარაღემ და მჭედელმა ლევან ბუკიამ.
ამის შემდეგ დავამზადე ფოლადის ნაჭედი ქარაში თერმული დამუშავებით. უკვე მზა პირს უკვე ნიდერლანდებში გაუკეთდა ქაქაშთან მორგება. ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა პირის აუცილებელი მცირე კორექციები, გაუკეთდა პოლირება, გაუკეთდა ტარი და ქარქაში შეიმკო ტყავით და დეტალებით. ზარნიში ამ ნამუშევარზე საჩუქრად შეასრულა ჩემმა მეგობარმა ზაქრო ნონიკაშვილმა.
ჩემს მოღვაწეობაში როგორც მჭედელი მესაჭურვლე აღნიშნული პროექტი შეიძლება შეედაროს ჩემს მიერ "ახალი ამერიკის" აღმოჩენას. მადლობა ლევან ბუკიას დაკვეთის შესანიშნავი შესრულებისთვის და პოეტ კობა ჭუმბურიძეს ამ ნამუშევრისადმი მიძღვნილი ლექსისათვის: „სარტყელივით მომისალტე, სამღერელად ანალესი, ელდასავით საშპუნები, ელვასავით დასაკვესი.“
ნიდერლანდების სამეფო, 2013 წელი. (რედაქტირებულია).
* სამღერელად - მღერება ძველქართულში ასევე ნიშნავს იარაღის ოსტატურად ბზრიალს, ტორღვებას.
* საშპუნები - შპუნება იარაღის სწრაფად ამოღებას